დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით და ორგანიზატორობით, შეხვედრა შედგა, რომელიც გურიის გუბერნიის ახალი შენობის აშენების საკითხს ეხებოდა.
"გურია ნიუსმა" პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუბერნიის ახალი შენობა სავარაუდოდ ქალაქ ოზურგეთის დასვენების და კულტურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა.
"დისკუსიის მიზანი იყო განხილულიყო ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაფინანსების წყაროები, პარკის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზანშეწონილობა", _ გვითხრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, გრიგოლ მახარაძემ.
"ახალი ობიექტის გახსნა ოზურგეთისთვის ძალიან მოსაწონია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ რაღაც დაშავდეს და გაფუჭდეს", _ თქვა შეხვედრის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან მგელაძემ.
გუბერნიის შენობის აშენება პარკში არ ეთანხმება ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე:
"არამგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შენობის აშენება ისე არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას", _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.
"ცოტა შოკირებული ვარ და ცოტა გაკვირვებული. ნამდვილად არ ვეთანხმები, რომ პარკში გუბერნიის შენობა აშენდეს", _ თქვა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვროს ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ.
ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ "გურია ნიუსის" ხუთშაბათის ნომერში წაიკითხავთ.