რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Football Espana” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ამ გაზეთის წარმომადგენელი ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესს ესაუბრა. აღმოჩნდა რომ „მკბენარა“ მოთამაშე ადამიანურ გრძნობებს მოკლებული არ ყოფილა და სხვადასხვა ემოციების თავისებურად გამოხატვაც შეუძლია.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს რამდენიმე ფრაგმენტს.
„მსოფლიო პირველობის შემდეგ მეგონა რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა სამუდამოდ დასამარდა. სამწუხაროდ ღმერთმა არ გამწირა და ამ ცხოვრებაში კიდევ ერთი შანსი მომეცა.
იტალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე კიელინისთან თავს გადამხდარი „ინციდენტის“ შემდეგ ჩემმა პირადმა აგენტმა დამირეკა. იმ ავბედით დღეებში ეს ადამიანი ალბათ ერთადერთი გახლდათ, რომელმაც დაიჯერა რომ კიელინისთვის არ მიკბენია. მან შემატყობინა რომ კატალონიური „ბარსელონა“ ჩემი პიროვნებით დაინტერესდა და მზად გახლდათ ბრიტანული „ლივერპულისგან“ ჩემი კონტრაქტი გამოესყიდა.
სიმართლე გითხრათ და დღემდე ეს ერთი სატელეფონო ზარი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია. ძალიან დათრგუნვილი ვიყავი. როდესაც კატალონიელიბისაგან ამ დაინტერესების შესახებ შევიტყვე, ორი ღამე არ მძინებია და სულ ვტიროდი.
იმავე პერიოდში მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებიც დამიკავშირდნენ, მაგრამ მათი დაინტერესება დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა.
საბოლოოდ „ბარსელონამ“ ბრიტანელებს 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა და ჩემთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ახალი გუნდის რიგებში მხოლოდ ორ ოფიციალურ შეხვედრაში ვიასპარეზე. სამწუხაროდ მადრიდში „რეალთან“ და შინ „სელტასთან“ დავმარცხდით. ამის მიუხედავად დარწმუნებული ვარ რომ მიმდინარე სეზონში, „ბარსასთან“ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევ“ – განაცხადა ლუის სუარესმა.