ამ წუთებში, "ქართული ოცნების" სათაო ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შეხვდნენ.
დეპუტატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაისმება კითხვები.
"ჩვენ გვაქვს კითხვები – თუ როგორ იყო კონტრაქტი გაფორმებული. პროკურატურას უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.
თუმცა, რა თქმა უნდა, იყო უსიამოვნო ფაქტი – იმ დროს, როდესაც დაკავება მოხდა, ჩვენი თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა მნიშვნელოვან შეხვედრებზე, რამაც დაასუსტა მისი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები.
შეხვედრაზე ამ თემებს განვიხილავთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გუნდის ერთიანობა შენარჩუნდება. კრიმინალსა და კორუფციას, თუკი ასეთი არსებობს და გამოიკვეთება, ჩვენ შევებრძოლებით ისე, რომ გუნდის ერთიანობა არ დაირღვეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ელისო ჩაფიძემ.