(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელ ფეხბურთელ გოგონათა წარმატების შესახებ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე არაერთხელ დაწერილა _ საფეხბურთო კლუბი “გურია” საკმაოდ ხშირად გვევლინება გამარჯვებულის ამპლუაში. გუნდის რამდენიმე მობურთალი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც. ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ანა კვაჭაძე, რომელიც გასულ წელს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. “გურიას” მწვრთნელის, ავთანდილ ორმოცაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 12-23 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის ტარდება შესარჩევი ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის, შვეიცარიის და ლატვიის ნაკრებებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ნაკრების მიიღებს. საქართველოს ნაკრების ღირსებას აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი კლუბის აღსაზრდელი, III საჯარო სკოლის მოსწავლე, ია ალელიშვილი დაიცავს.