"ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა სახელმწიფოს მიმართ", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაია ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
პრემიერის შეფასებით, ეს იმ ადამიანების არჩევანია, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ქვეყანა წინსვლას განაგრძობს. მთავრობის მეთაური 2012 წლის არჩევნებსა და ხალხის არჩევანზე საუბარს სპეკულაციად მიიჩნევს.
"2012 წლის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" და არ უკავშირდება "თავისუფალ დემოკრატებს" ცალკე აღებულს ან, მით უმეტეს ირაკლი ალასანიას. "თავისუფალ დემოკრატებში" არიან ჩემი მეგობრებიც. ისინი არიან ძალიან კარგი, ღირსეული ადამიანები და მინდა, მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორს, ეს მათი არჩევანი იქნება. დაე, მათ აირჩიონ თუნდაც ალასანია, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. ეს იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებზე უახლოეს დღეებში წარადგენს.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცე, უცვლელი და შეუქცევადია და მას ვერავინ შეაჩერებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" მონაწილეობა მიიღონ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაში, რომელიც დღეს 17:00 საათზე გაიმართება.
"მათ რიგებში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი. მე მათ მივიჩნევ ჩვენს თანამებრძოლებად, მინდა გააგრძელონ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა და მათთვის ეს კარი ღიაა. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, დაე, ეს იყოს მათი არჩევანი", _აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.