ქვეყანაში გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს, "გურია ნიუსთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები აფასებენ.
მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ის რაც მოხდა დღეს, მისთვის არ იყო მოულოდნელი:
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კოალიციაში შეინიშნებოდა რღვევა და ეს უკვე დადასტურდა. არ შეიძლება პროდასავლური და პრორუსული ძალები ერთად იდგნენ ერთ კოალიციაში. აშკარად დაუწყეს დევნა პროდასავლური ორიენტაციის პარტიას, რომელიც არის "თავისუფალი დემოკრატები". შესაბამისად, "თავისუფალი დემოკრატებიდან" ვხედავთ შესაბამის რეაქციას, ვნახოთ გაემიჯნებიან თუ არა ისინი კოალიციას. ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს", _ თქვა მიხეილ გოგოტიშვილმა.
ოთარ რევიშვილის ამბობს, რომ კოალიციაში არ იყო ერთიანობა და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო:
"ჩვენ, რაც ორი წლის განმავლობაში ვიძახოდით, რომ ქვეყნის ვექტორის ცვლილება ხდებოდა, ეს გამართლდა და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა სუბიექტმა დააფიქსირა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ნათელია, რაც ხდება – პრობლემა სახეზეა", _ თქვა ოთარ რევიშვილმა.