პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა.
ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში კოალიციის შეხვედრაზე მისულმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"პროკურატურას უნდა ვაცადოთ საქმის გამოძიება და ვნახოთ საბოლოოდ რა სურათი შეიქმნება. არ მიმაჩნია მართებულად რომელიმე ძალოვანი უწყების პირველი პირი კონფრონტაციაში შედიოდეს მეორე ძალოვან უწყებასთან. ეს არის ჩემთვის გაუგებარი და სრულიად დაუშვებელი რამ. ძალიან უხერხული იყო ის განცხადება, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. როდესაც მის უკან დგას ქვეყნის შეიარაღებული ჯარები თავდაცვა და ამის ფონზე აკეთებს ძალიან კონფრონტაციულ განცხადებას და პოლიტიკურ კონტექსტზე აკეთებს აქცენტებს. ბუნებრივია, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრს სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ დარჩებოდა“, _ განაცხადა ბესელიამ.
































































