"თავისუფალი დემოკრატების" რაიონულ ორგანიზაციებში ყრილობის მოლოდინში არიან. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას პარტიაში დარჩენის შესახებ:
_ ინფორმაცია მხოლოდ ტელევიზიიდან მაქვს. პარტიის არცერთ ლიდერთან არ მქონია საუბარი. რვაში ყრილობა გვაქვს და სწორედ ყრილობის შემდეგ გადავწყვეტ დავრჩები თუ არა პარტიაში და კოალიციაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა მანანა მინდაძემ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "თავისუფალი დემოკრატების" სიაში პირველ ნომერს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მინდაძე თეა წულუკიანის ახლობელია. ჩვენ კითხვაზე _ იქონიებს თუ არა მის გადაწყვეტილებაზე გავლენას წულუკიანის პოზიცია, მინდაძე ასე პასუხობს:
_ მართალია, თეა ჩემი ახლობელია, მაგრამ ასევე ახლობელია პარტიის სხვა ლიდერებიც. ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რაც მოხდა ძალიან მაწუხებს და განვიცდი, _ დასძინა მინდაძემ.
ყრილობის მოლოდინშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ სიხარულიძეც:
_ ის ღირებულებები, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა ჩვენი პარტია კოალიციაში არ შეცვლილა და შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ კოალიციას დავტოვებ. რაც შეეხება პარტიას, გადაწვეტილებას ყრილობის შემდეგ მივიღებ. ალბათ, დავრჩები პარტიაში, _ გვითხრა სიხარულიძემ.