"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი კვერღელიძემ, პარტია დატოვა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩას მოადგილეა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის "თავისუფალ დემოკრატებში" აზრთა სხვადასხვაობა. საკრებულოს წევრები, რომლებიც "თავისუფალი დემოკრატების" სიით არიან შესულები საკრებულოში, აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ერთგული რჩებიან თავისი პარტიის, გამონაკლისი მხოლოდ სოფელ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩხაიძე აღმოჩნდა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეთანხმება დიმიტრი კვერღელიძის გადაწყვეტილებას.
ხვიჩა წულაძე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი: სანამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების სასამართლო პროცესი არ დასრულდება და არ გაირკვევა ვინ არის მტყუან – მართალი, არსად წასვლას არ ვაპირებ.
არ მივდივარ ყრილობაზე ოჯახური მდგომარეობის გამო , თუმცა ეს არ უკავშირდება პარტიის დატოვებას.
ტიტე მგელაძე, სოფელ ძიმითის მაჟორიტარი დეპუტატი: დაველოდები გამოძიების დასრულებას, იმის მერე გადავწყვეტ დავრჩები თუ არა პარტიაში. ამ წუთს მე არ ვაპირებ დავტოვო პარტია, ერთგული ვრჩები ჩემს თანამოაზრეებთან ერთად.
კახა გობრონიძე: ყრილობაზე მივდივარ და ორშაბათს გეცოდინებათ ყველაფერი, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ამ ეტაპზე ვრჩები “ თავისუფალ დემოკრატებში“
ირაკლი ჩხაიძე: ბატონმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, მე ვეთანხმები მას, ეს მისი არჩევანია, მე რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ჯერჯერობით თავს შევიკავებ სხვა სხვა კომენტარის გაკეთებისგან.