(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “ავერსის” ახალ კლინიკაში სამუშაოდ მისაღებად, ექიმების და ექთნებისთვის ტესტირება დაიწყო. პირველი ეტაპი 18 ოქტომბერს, მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. ჩვენთან საუბრის დროს რამდენიმე ექიმმა თქვა, რომ მათთვის გვიან გახდა ცნობილი ტესტირების დღე, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, გამოცდაზე არ აპირებდნენ შესვლას. დღის სამი საათისთვის არც ერთი მედიკოსი გამოცდაზე არ უნდა შესულიყო, თუმცა, ექიმებმა და ექთნებმა ამ ეტაპზე ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს _ მათ პროტესტი არ გამოუხატავთ.
_ არ ვიცი, აქ ითქვა, რომ უნდა შევიდეთ და აღარ ვაპირებთ პროტესტს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მედიკოსმა, რომლებმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, როგორი სახის ტესტის ჩაბარება მოუწევთ ექიმებს და ექთნებს, მაგალითად, ტესტის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: “პომიდორი უფრო წითელია თუ კიტრია უფრო მწვანე?” ამ “საინტერესო” კითხვის პასუხიც ასევე “საინტერესო” აღმოჩნდა: “პომიდორი უფრო წითელია”.