შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 108 მუხლით).