ამ ეტაპზე გია მამაკაიშვილი ზუსტად არ ამბობს, თუ რა იქნება ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები, მაგრამ გვიმხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 10 უმწვავეს პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს და შესრულდეს: _ საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენის ვადა 15 ნოემბერია. მანამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში ბიუჯეტის საკითხებს კიდევ ერთხელ გავივლით. მთავარი ამოსავალია ის, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულია ის პარამეტრები, რის ფარგლებში უნდა შეიქმნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი. საერთოდ ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, სავარაუდოდ, 6 700 000 ლარის ფარგლებში იქნება. აქედან, ლომის წილი, რა თქმა უნდა, სატრანსფერო დახმარებაა, ადგილობრივი შემოსავლები კი განსაზღვრულია, დაახლოებით, 1 500 000-ის ფარგლებში.
ამ ეტაპზე პრიორიტეტებს ვერ გეტყვით _ მუშა პროცესია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ათი უმწვავესი პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა მოგვარდეს და შესრულდეს: ჩაის რეაბილიტაცია, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაჭაობებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამელიორაციო სამუშაოები, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, სილაურის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ჭანიეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.