საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების და მეცნიერების, ლტოლვილთა და განსახლების, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროებზე, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს გარდა სხვა უწყებებშიც მუშაობს და იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია, დარღვევები იკვეთება.
"პრობლემები იკვეთება ჯანდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტრშო და შს სამინისტროში. ზოგადად, ამ უწყებებში შემოწმების მასშტაბიც ძალიან დიდია, ვინაიდან მეტია შესყიდვები და ფინანსური ტრანზაქციები. ეს უწყებები ბუნებრივად მაღალი რისკის მატარებლები არიან და ცხადია, ჩვენთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენენ", _ აცხადებს ლაშა თორდია.
გენერალური აუდიტორის განმარტებით, სამართალდარღვევები ფიქსირდება სხვა, შედარებით ნაკლებბიუჯეტიან უწყებებშიც.
"მაგალითად, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. საუბარია სპორტული მოედნების მოწყობაზე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება უზუსტობები (როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში), რაზეც ალბათ პროკურატურას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ საქმის შესწავლა მიმდინარეობს და გვექნება კონკრეტულ თანხებზე ინფორმაცია. დარღვევები ჩანს განათლების სამინისტროშიც, მაგალითად, მერხების შესყიდვისას (შაშკინის მინისტრობის პერიოდი), პროკურატურაში გადავგზავნეთ რამდენიმე თვითმმართველობის მიერ სავარაუდო კანონდარღვევის შემცველი მასალებიც", _ განმარტავს თორდია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
"2013 წელს შედგენილი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 132 მლნ ლარით იზარალა. აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, მაგრამ ათობით მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც", _ აღნიშნავს თორდია.
მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშიც" გამოავლინა, თუმცა ანგარიშს გრიფით "საიდუმლო" ადევს..
აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები პარლამენტის ნდობის ჯგუფს უკვე გადაუგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა – სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია "არპანივი" საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტირდა და გაიმარჯვა კიდეც.
უწყების ინფორმაციით, მასალები თავდაცვის სამინისტროს მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.
თორდიას ინფორმაციით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.
რა დარღვევებზე საუბრობს გენერალური აუდიტორი, ამის შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ნაწილს არ აქვს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამტკიცებს, რომ მან არ იცის შსს-ს რა დარღვევებზე საუბრობს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.
კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც აუდიტის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, იზორიამ ამბობს, რომ შიდა აუდიტი უწყებაში ნახევარი წელია მუშაობს, ხოლო აუდიტის სამსახური ყოველ წელს მუშაობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით კი, არ არსებობს უწყება, სადაც დარღვევები არ არის.
სუბარის თქმით, აუდიტის სამსახური მის უწყების შემოწმებასაც ახორციელებს.
“აუდიტის სამსახურსა და ჩემს უწყებას შორის, ჩემს მისვლამდე იყო მიმოწერა. მივედი თუ არა მივწერე აუდიტის სამსახურს და ვთხოვე, რომ დაეწყოთ სამუშაოები. არ არსებობს უწყება, სადაც დარღვევები არ არის, უბრალოდ, გააჩნია რა ტიპის დარღვევებია. ამ ეტაპზე არ ვიცი რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი”, – აცხადებს სუბარი.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით კი, მისი უწყება აუდიტის სამსახურმა უკვე შეამოწმა. ხოლო თუ რა დასკვნა დაიდება, ამის შესახებ თავად აუდიტის სამსახური ისაუბრებს.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით კი, აუდიტის სამსახურს მისი უწყება ამ დროისთვის არ შეუმოწმებია.
განათლების და მეცნიერების სამინისტროში კი ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურმა დარღვევები დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებში აღმოაჩინა.
"ეს ეხება შაშკინის პერიოდის დარღვევებს, მერხების შესყიდვასთან დაკავშირებით. კონკრეტული დასკვნა კი აუდიტის სამსახურს სამინისტროსთვის ჯერჯერობით არ გადმოუგზავნია“, _ „უთხრეს "გურია ნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში.
გამოძიება სხვადასხვა სამინისტროების მიმართ რომ უკვე დაწყებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინფორმაცია დაუდასტურეს.
როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი მასალების მოკვლევა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება კონკრეტულ სამინისტროებს, უწყებაში არ აკონკრეტებენ.
"უკვე დაწყებულია ყველა იმ მასალის მოკვლევა, რომელიც აუდიტის სამსახურმა ჩვენთან გადმოაგზავნა“, – ამბობს სუხიაშვილი.