გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელია. რასაკვირველია ფრაუ ანგელა ბუნდესგუნდს მხურვალედ ქომაგობს და ეროვნული ნაკრების თამაშებს ხშირად ესწრება. მერკელი საფეხბურთო „ექსპერტის“ რეპუტაციითაც სარგებლობს და სპორტის ამ სახეობის შესახებ საკუთარ აზრებს დროგამოშვებით ახმოვანებს.
რამდენიმე დღის წინ გერმანულ მას-მედიაში ერთი „საინტერესო ინფორმაცია“ გამოჩნდა. ქალბატონმა მერკელმა იტალიური „ფიორენტინას“ 29 წლის თავდამსხმელი მარიო გომესი სასტიკად გააკრიტიკა და გერმანიის ნაკრების შემტევს ერთი „უნებისყოფო და სუსტი“ მოთამაშე უწოდა.
საინტერესოა რომ მუხლის ტრავმის გამო გომესს მიმდინარე სეზონში შვიდი თვე გაუცდა. რასაკვირველია ფეხბურთელმა ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზეც ვერ იასპარეზა.
„ფიორენტინას“ თავდამსხმელის პასუხმა არ დააყოვნა. რამდენიმე საათის წინ იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ „Football Italia” მარიო გომესის მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა. განაწყენებულმა მარიომ ანგელა მერკელს დაუფარავად შეუტია:
– ქალბატონი ანგელა გერმანიის ეროვნულ გუნდს ყოველთვის მხურვალედ გულშემატკივრობს, მაგრამ საფეხბურთო ექსპერტის რანგში მისი გამონათქვამები ხშირად დაუფარავ კრიტიკას იმსახურებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დასვენებისა და ტრავმების გარეშე ვთამაშობდი. სამწუხაროდ წელს მუხლის დაზიანება მივიღე და სეზონის დიდი ნაწილი გამიცდა. ფრაუ ანგელა ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან მომმართავს. რა ვაწყენინე ამ ქალს ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა მარიო გომესმა.