ხვალ, ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პრემიერის მრჩევლის დემოგრაფიულ საკითხებში დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, რომელიც გრძელდება საქართველოს 6 რეგიონში, იქ, სადაც ხორციელდება პრემიერის ინიციატივა – მესამე და შემდეგი შვილის ფულადი დახმარება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. რეგიონალურ შეხვედრებში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მონაწილეობას იღებს საქართველოს "სოლიდარობის ფონდის" თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შეხვედრაში სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: პარლამენტის გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები, სამხარეო ადმინისტრაცია (გუბერნია) და ასევე ადგილობრივი, ყველა რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
რეგიონალურ შეხვედრაში მთავარი მომხსენებელი დიმიტრი ხუნდაძე, მოსახლეობას გააცნობს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას და ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებულ პროექტებს, რომელმაც უკვე დადებითად შეცვალა ქვეყანაში არსებული ნეგატიური დემოგარფიული ფონი.
შეხვედრაზე გურიის მოსახლეობისთვის საქართველოს "სოლიდარობის ფონდის" თავმჯდომარე მარიამ ჯაში გააკეთებს ფონდის პრეზენტაციას.
რეგიონალურ შეხვედრაზე, თანამომხსენებელი თამარ ჩიბურდანიძე (ქართული ოცნების წევრი, "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე) წარმოადგენს კონკრეტულად გურიის მოსახლეობის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. გურია იმ ექვს რეგიონს შორის არის, სადაც სიკვდილიანობა ბევრად აღემატება შობადობას. ამ მაჩვენებლებით გურია მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ.
რეგიონალური შეხვედრები მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების და ამასთანავე, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. ასევე მოსახლეობა იღებს სრულყოფილ ინფორმაციას "სოლიდარობის ფონდის" პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტების შესახებ.