აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
კონგრესზე გამოსვლისას, ბლინკენმა მოუწოდა კონგრესმენებს, გადახედონ აშშ-ს პოლიტიკას უკრაინისთვის იარაღის მოწოდების საკითხში: „რუსეთი არღვევს მის მიერვე ხელმოწერილ მინსკის ხელშეკრულებას. ერთადერთი, რამაც შეუძლია ხელი შეუშალოს რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს, ესაა უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, მათ შორის, კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დახმარება. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ,“ _ თქვა ჩინოვნიკმა.
აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდა, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს _ როგორც ცნობილია, რესპუბლიკელები გამოდიან მოთხოვნით, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ პირდაპირი სამხედრო დახმარებით.
ადრე, ვაშინგტონმა უკრაინას 25 მილიონი დოლარი გამოუყო _ 5 მილიონი სამხედროების მომზადებისთვის, დანარჩენი კი _ არალეტალური იარაღის შესაძენად.
ობამას ადმინისტრაციამ, მიუხედავად კიევის მხარდაჭერისა, არაერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს უკრაინის კონფლიქტის საომარი მოქმედებებით გადაწყვეტის გზას და მოუწოდებს მხარეებს, ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დაარეგულირონ.