ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატვირთო მატარებლების შეჯახება, დღეს, გამთენიისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ ნატანების ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ისაკ ლომთათიძემ უთხრა, ავარიის შედეგად დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ლომთათიძის თქმით, ავარიის შესახებ შეტყობინება გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა, რის შემდეგაც სამაშველო ბრიგადები ადგილზე გავიდნენ. მისი ინფორმაციით, მატარებლებს საკვები პროდუქტები გადაჰქონდათ და რაიმე საშიში ნივთიერების დაღვრა ავარიის შედეგად არ მომხდარა.
მწყობრიდან არის გამოსული ორივე ელმავალი და რამდენიმე ვაგონი. წინასწარი ინფორმაციით ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს. რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა უკვე აღდგენილია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს, თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ მატარებელს, ურეკში, კონკრეტულად კი წვერმაღალას ტერიტორიაზე, მოულოდნელად ევკალიპტის ხე დაეცა, რის გამოც დაზიანდა ელექტროდამცემი ხაზები და ერთ ვაგონს ცეცხლიც კი გაუჩნდა.