გასულ ოთხშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით სულ ექვსი საკითხი იყო განსახილველი და თითქოს ყველაფერი მშვიდ ატმოსფეროში უნდა ჩავლილიყო, თუმცა პირველივე საკითხმა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების ეხებოდა, ხმაური გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ დეპუტატთა უმრავლესობას არ ჰქონდა ნანახი შესყიდვების გეგმის პროექტი და შესაბამისად წარმოდგენაც არ ჰქონდათ რაზე უნდა ემსჯელათ.
საკითხის მომხსენებელმა, მუნიციპალიტეტის მთავარმა ფინანსისტმა, როლანდ ლაშხიამ დეპუტატებს განუმარტა – „თუ აღნიშნულ განკარგულებას დღეს არ მივიღებთ, ამით დავარღვევთ კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შესყიდვების გეგმის 20 ნოემბრამდე დამტკიცებას, თანაც ეს გეგმის პირველადი, ანუ სტანდარტული ვარიანტია, რომელიც თითქმის ანალოგიურია შარშანდელის და მასში მთავარი ცვლილებების შეტანა შემდგომში მოხდება“.
ამას მოჰყვა გამგეობის იურისტის, შოთა ჩაგუნავას არგუმენტიც, რომელმაც განაცხადა, რომ თუ დროში ვერ ჩაეტეოდნენ, ამით კანონს დაარღვევდნენ და სოლიდური თანხითაც დაჯარიმდებოდნენ.
სხდომაზე სიტყვიერი კამათი გაიმართა. კოლეგების ჩარევის შემდეგ, ემზარ თედორაძესა და თემურ ალექსაიას შორის შეხლა-შემოხლა დროულად ჩაიხშო. მართალია, გარეთ ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა ინცინდენტი ამით ამოიწურა.
საბოლოოდ საკითხის მისაღებად უმრავლესობამ საჭირო ქვორუმი მოაგროვა.
"აღნიშნული შესყიდვების გეგმა წესით ბიუჯეტთნ ერთად საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შემოსულიყო, ხუთი დღის ვადაში კი ადვილი შესაძლებელი იყო რიგგარეშე სხდომის ჩატარებამდე სწრაფი წესით მომხდარიყო კომისიებში განხილვები და ასეთი აჟიოტაჟიც ამ საკითხს არ მოჰყვებოდა", – განაცხადა ოპოზიციამ.