რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლეო მესის რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, უახლოეს მომავალში ფეხბურთელის საქმე ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ სასამართლოში გაირჩევა. მოთამაშეს სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში ედავებიან.
საინტერესოა რომ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესიმ გადასახადების სახით დაახლოებით 52 მილიონი ევრო გადაიხადა. ესპანელი სამართალდამცავების მტკიცებით, ფეხბურთელს ქვეყნის ხაზინაში გაცილებით მეტი უნდა შეეტანა.
„The Guardian“-ის ჟურნალისტების განცხადებით, საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. საიდუმლო არ გახლავთ რომ ოფიციალური მადრიდი კატალონიას დაუფარავად „ებრძვის“ და ცოტა ხნის წინ, ამ რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მისი სასტიკად დასჯა სურს. ლეო მესი ამ „შეთქმულების“ ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა.
საინტერესოა რომ ესპანეთის საგადასახადო სამსახურებთან გარკვეული პრობლემები მადრიდის „რეალის“ მოთამაშეებსაც ჰქონდათ, მაგრამ ეს ფაქტები სააშკარაოზე არ გამოსულა და „შინაურულად მოგვარდა“. რაც შეეხება მესის. მისი „დანაშაული“ ქვეყანას მოედო და ფეხბურთელს საკუთარი თავის დაცვა სასამართლოზე მოუწევს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 2016 წლის ზაფხულში არგენტინელი „ბარსელონას“ დატოვებს. ამისი ერთ-ერთი მიზეზი გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემაც გახლავთ.