ამერიკულ ჰოლივუდში მოღვაწე ესპანელი მსახიობი, 54 წლის ანტონიო ბანდერასი უახლოეს მომავალში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასა და ცხოვრებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი ამერიკელ ჟურნალისტებს ესაუბრა და თავისი ოცნება საქვეყნოდ გაახმოვანა.
ბანდერასი წარმოშობით ესპანური ქალაქი მალაგადანაა. აშშ-ში 1992 წლიდან გადაბარგდა. ორი ათეული წლის განმავლობაში არაერთ სურათში გადაღება მოასწრო. სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის სურდა, მაგრამ დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებდა.
ამჟამად ანტონიო ბანდერასი თანახმაა, რომ ჰოლივუდურ კარიერას წერტილი დაუსვას. ის მზადაა, რომ მშობლიურ წყნარ ქალაქში მყუდროდ იცხოვროს. ამავდროულად რეჟისორის პროფესიაზეც ოცნებობს და რამდენიმე პროექტიც გააჩნია.
ანტონიო ბანდერასი პოლიტიკითაც არის გატაცებული. ცნობილია რომ ის მხარს უჭერს ესპანეთის მუშათა სოციალისტურ პარტიას. მსახიობს სპორტიც აინტერესებს. არის საფეხბურთო კლუბი „მალაგას“ თავგამოდებული ქომაგი.
“მალაგაში დაბრუნება საკუთარი თავის კვლავ მოპოვების საშუალებად წარმომიდგენია. კინოს სამყაროში მოღვაწეობას აუცილებლად გავაგრძელებ, მაგრამ თანამემამულეებს უკვე რეჟისორის ამპლუაში წარვუდგები. მრავალი საინტერესო იდეა გამაჩნია. მათზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ერთს კი ვიტყვი, ისეთი ფილმების გადაღება მსურს, რომლებიც ჰოლივუდის გავრცელებულ სტერეოტიპში არ ჯდება” – განაცხადა ანტონიო ბანდერასმა.
ალბათ უახლოეს თვეებში ანტონიო ესპანეთში გადმოსახლდება. საინტერესოა რომ მსახიობი ამჟამად მარტოა. რამდენიმე თვის წინ მან და მისმა მეუღლემ, ასევე კინომსახიობმა მელანი გრიფიტმა განშორება გადაწყვიტეს.