(გურია ნიუსი) _ გასულ კვირაში, საქართველოს მთავრობაში “მორიგი სამთავრობო კარუსელი” დატრიალდა, რომელმაც ჯერ მხოლოდ ერთი მინისტრის თანამდებობა შეიწირა, თუმცა, სახელისუფლო კულუარებში ვარაუდობენ, რომ ცვლილებები კიდევ იქნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის გათავისუფლებაზე საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობდა, თუმცა იგი თანამდებობის შენარჩუნებას აქამდე მაინც ახერხებდა. ბოლოჯერ მისი გადარჩენა სამინისტროდან გურიის ექს-გუბერნატორის, ალეკო ცინცაძის წასვლით მოხერხდა. თუმცა, საბოლოოდ “ყველაზე ახალგაზრდა მინისტრმა” (ბოლოს მას “ეს პოსტი” ვერა ქობალიამ “ჩამოართვა”) სკამის გადარჩენა ვერ შეძლო. მართალია, კვეზერელმა ამერიკული სიმინდის პიარი მთავრობასთან ერთად დაგეგმა, მაგრამ ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის “დედალ-მამალი” ძროხების მინისტრი მეტად არასახარბიელო პერსონა გახდა გლეხების თვალში: _ რა უნდა დაიჯერო მაგათი სამინისტროს, ასეთი ახალგაზრდა ბიჭი რომ უდგას სათავეში? მაი კვეზერელი ყანაში ნამყოფი არ იქნება და ისიც არ ეცოდინება, ბოტასებით წაისვლება ტყეში თუ “ვალინკებით”. სოფლის მეურნეობის ხომ აზრზეც არაა, მამალ და დედალ ძროხებზე რომ მინისტრი ილაპარაკებს, რაღა უნდა დაიჯერო? მალე, ალბათ, “მამალი ძროხების” მოწველასაც მოგვთხოვენ და ჩვენც დავიჯერებთ, _ ამბობდა ერთი ჩვენი რესპონდენტი _ გურულ გლეხებს ბაკურ კვეზერელი გულზე არ ეხატებოდათ.
მისი ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ დაიკავა. კულუარებში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ რეგიონში გოროზიას არ აქვს კარგი ავტორიტეტი და ხელისუფლების ფავორიტი ჩინოსანი ამიტომ შეცვალეს, მეტიც _ იგი დააწინაურეს კიდეც.
ანალოგიური პრობლემა არ აქვს გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს _ მას გოროზიას მოადგილეობას უწინასწარმეტყველებენ და ამას ორი მიზეზით ხსნიან: პირველი _ გუბერნატორად, გურიაში ივანიშვილის გავლენების გათვალისწინებით, ხისტ ჩინოსანს დანიშნავენ, რომელიც სხვა თუ არაფერი, ისეთებს გააკეთებს, რაც ჩიტაიშვილისგან გამორიცხულია; მეორე _ დღევანდელ გუბერნატორს წლების მანძილზე ჯერ ოზურგეთის გამგებლის, შემდეგ გუბერნატორის მოადგილისა და ახლა უკვე გუბერნატორის რანგში ურთიერთობები ექნებოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან თუ არა, მისი გუნდის წარმომადგენლებთან. მართალია, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩიტაიშვილისადმი სახელისუფლო ნდობა მაღალია (რაც ბოლო პერიოდში არაერთხელ დამტკიცდა), თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გურიის პირველკაცს რომელიმე სამინისტრო ჩააბარონ. ჯერ კიდევ გასულ წელს მისი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გადაყვანას ვარაუდობდნენ. ეს ვარიანტი არც ახლაა გამორიცხული, მით უფრო, რომ ჩიტაიშვილი და გოროზია თურმე ახლობლობენ.
აშკარაა, რომ თავისი ხალხის სამინისტროებში გადაყვანითა და რეგიონებში ახალი სახეებისა თუ ხისტი ჩინოსნების დანიშვნით, ხელისუფლება აქედანვე ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამ უკვე გახადა დამაინტრიგებელი. სწორედ პოლიტიკოსობის მოსურნე ბიზნესმენის გადაწყვეტილებამ არია სიტუაცია დამფრთხალ ხელისუფლებაში.