"თქვენს კანონპროექტში არ წერია ორსაფეხურიან სისტემაზე არაფერი. არსად ინსპექტორის მხრიდან საკონტროლო გასაღების ხელში ჭერაზე არ წერია", _ ასე მიმართა დეპუტატმა თინა ხიდაშელმა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე. წ. გასაღების თემა განიხილებოდა.
ხიდაშელის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტში, რომლის ავტორებიც ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან და როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ის ორგასაღებიან სისტემას გვთავაზობს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, არსად არაა ნახსენები.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ამ კანონში სინამდვილეში რა წერია. თავიდან რაც თქვენ დაიწყეთ, ის პრინციპულად სხვა რამეა, ვიდრე ყველაფერი ის, რაც აქ წერია.
როცა კითხვებზე, შენიშვნებზე ამბობთ, რომ გეთანხმებით, მართალია, ავტორებთან შევაჯერებ, ეს გაუგებარი ხდება _ თქვენ ხართ ავტორი _ ამ კანონპროექტს შსს არ აწერია.
ჩვენ კი ვიცით, სად დაიწერა ეს კანონპროექტი, მაგრამ თქვენ ხომ დაიბრალეთ, რომ თქვენ ხართ ავტორები.? ამიტომ, როდესაც გეკითხებით, რატომ ვბრუნდებით უკან მაკომპრომეტირებელზე, პასუხი იმის შესახებ, რომ გვეთანხმებით, გაუგებარია, იმიტომ, რადგან კანონში ეს იყო, მერე დიდი ომით შევცვალეთ და დღეს ვიღაცამ ისევ უკან ჩაწერა.
მაშინ, უნდა თქვათ, რომ შსს-მ დაწერა, მოგიტანათ და თქვენ ხელი მოაწერეთ", _ მიმართა ხიდაშელმა გედევან ფოფხაძე.