პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფო პენსიების შესახებ.
_ 2013 წელს ასაკით პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 და 40 ლარით, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის – 50 ლარით, თუ ასაკით პენსიონერი არის სოციალურად დაუცველი, ის იღებს გაორმაგებულ სოციალურ შემწეობას. სოციალურად დაუცველი პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან ყველაზე მეტ ზრუნვას საჭიროებენ, იღებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას ერთად. ყველა სოციალურად დაუცველი პენსიონერი 2013 წლიდან იღებს 210 ლარს. 2015 წლისთვის ისინი მიიღებენ 220 ლარს. 2016 წლისთვის კიდევ იგეგმება პენსიების გაზრდა" _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე ინფორმაციით, 2015 წელს, მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის, დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
_ დღეს მიმდინარეობს მუშაობა ახალ საპენსიო რეფორმაზე. ამ რეფორმის გატარებით ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პენსიების თემით სპეკულირება. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, პენსიონერებს შევუქმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.