შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს თანამშრომლებმა ყვარელში დეტექტივ-გამომძიებლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ილია ს. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წლების წინ მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ყვარლის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, პოლიციის კაპიტანს, 1970 წელს დაბადებულ გელა ფ-ს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელის გადარჩენა სამედიცინო ჩარევის მიუხედავად ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ილია ს. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ყვარელში, კუდიგორის ქუჩაზე დააკავეს. "მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ინგლისში გამგზავრება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს", _ ნათქვამის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.