სამსახურებში მიმდინარე, თუ აწი გასახორციელებელ რეორგანიზაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ერთ ახსნას უძებნის _ წინა ხელისუფლების დროს შტატები ზედმეტად გაბერილი იყო, სამსახურში მისულ ადამიანს დასაჯდომი ადგილიც კი არ აქვსო:
_ ახალგაზრდები ტყუილად არ უნდა ისხდნენ სამსახურში, პენსიის ტოლ ხელფასზე. ამას ჯობია, კერძო ბიზნესი მოძებნონ, ან თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ, _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.
იმას, რომ შტატები წინა მთავრობის დროს გაბერილი იყო, ვერავინ უარყოფს, თუმცა, არც ბიუჯეტზე "მზრუნველი" ლანჩხუთის ახლანდელი ხელისუფლება აკლებს ხელს ამ მხრივ. თქმით კი ამბობენ, ბიუჯეტში თანხები უნდა დავზოგოთო, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა _ ჩვენი ინფორმაციით, ახალი შტატები დაუშვეს "ჯანდაცვაში", "სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში", საფეხბურთო კლუბ "გურიაში", ახლადშექმნილ "ტექსერვისში".
გამონაკლისი არც სხვა სამსახურებია, რომელთაც, ჯერჯერობით, რეორგანიზაციით ან სხვა სამსახურებთან შერწყმით არავინ დამუქრებია. მაგალითისთვის ავიღოთ, თუნდაც სპორტული ცენტრი, სადაც ცენტრის დირექტორს მოადგილე დაუნიშნეს დავით ჩხაიძის სახით. ეს ის დავით ჩხაიძეა, აცანის თემში გამგებლის წარმომადგენლობა რომ სურდა, არც მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო მისი ამ პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგი, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა. ამიტომ, ჩხაიძის თანამდებობაზე დასანიშნად გამოსავალი ასე მოინახა.