მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს 38 მოსამართლე ევროპის ოთხ ქვეყანაში გაემგზავრება, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი, ისინი საქართველოს სხვა მოსამართლეებს გაუზიარებენ.
აპირებს თუ არა ევროპული მართლმსაჯულების სისტემების გამოცდილების გაზიარებას საქართველო, რა ხარვეზები აქვს ქართულ მართლმსაჯულებას, ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარე ბესიკ სისვაძეს ესაუბრა.
_ რა მიზანი აქვს მოსამართლეების საზღვარგარეთ ტრენიგ–სემინარებზე გაგზავნას და ხომ არ აპირებთ ამ ქვეყნების გამოცდილების გადმოტანას საქართველოშიც?
_ საქართველოს სასამართლო კორპუსის გამოწვევად კვლავ დამოუკიდებლობა რჩება, რაც ორი მიმართულებით ვლინდება – ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. ინსტიტუციური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ უნდა გააგრძელდეს მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის განვითარებას. დამოუკიდებლობა, ინდივიდუალურ დონეზე, გულისხმობს მოსამართლის თვითშეგნებას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი, გულისხმიერი, კომპენტენტური, სამოსამართლო ეთიკის ნორმების განუხრელად დამცველი. ეს სასწავლო ვიზიტები მოსამართლეთა ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება. სასამართლო ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი ნდობიდან იძენს. სასამართლოს ხიბლი და მისთვის დავების გადაწყვეტის უფლებამოსილების გადაცემა გამომდინარეობს იმ დიდი ნდობიდან, რასაც დამოუკიდებლობა იწვევს, თუმცა ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული მოსამართლეს არ აქვს საამისო თვითშეგნება. ეს ყველაფერი რომ უფრო კარგად გავითავისოთ, კარგია თუ საქართველოს მოსამართლეები თვალსაწიერს ევროპული ქვეყნების მაგალითებზე გავიფართოვებთ. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" პროექტის ფარგლებში, 1-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, 38 მოსამართლე ოთხ ჯგუფად მიემგზავრება გერმანიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში. თითოეულ ქვეყანაში დაგეგმილია ტრენიგ–სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა – მოსამართლის როლი და დანიშნულება, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებისა და განვითარების, ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისით; მოსამართლის დამოუკიდებლობის სტანდარტი; საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და განვითარების წანამძღვრები; მოსამართლის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; პროფესიული სასამართლოს ინსტიტუტი; კანონიერებისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება; დარგობრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური სამართლებრივი საკითხების (თემების) ანალიზი; წარსული გაანალიზების ტრეინინგი და სხვა. ქართველი მოსამართლეები შეხვდებიან ევროპელ მოსამართლეებს, გაეცნობიან სხვადასხვა სასამართლოებში მუშაობის სპეციფიკას და დაამყარებენ პროფესიულ კავშირებს. გარდა ამისა, მოსამართლეები შეხვდებიან ადგილობრივ მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებს.
_ ვინ აფინანსებს ამ პროექტს?
_ დამფინანსებელი საქართველოს საპრეზიდენტო ფონდია. საქართველოში ეს არის იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ზრუნავს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსდა ასევე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
_ 240 მოსამართლეა ქვეყანაში, როგორ შეარჩიეთ სემინარებში მონაწილე მოსამართლეები?
_ სამი მიმართულებით გაკეთდა არჩევანი. პირველ რიგში გავითვალისწინეთ ახლად დანიშნული მოსამართლეების ინტერესები და ყველა ის მოსამართლე, რომლებმაც მოსამართლის სტატუსით პირველად შემოდგეს ფეხი სასამართლო კორპუსში, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ სასწავლო ვიზიტებში. ასეთი ცხრა მოსამართლეა. „საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციიდან“ შეირჩა 14 წევრი და მათგან 10 მოსამართლე აარჩია აღნიშნული ასოციაციის გამგეობამ. ასოციაცია ”საქართველოს მოსამართლეთა ერთობიდან” კი, 15 წევრი მიემგზავრება, თუმცა ასოციაციის გამგეობის არცერთი წევრი არაა ამ შემადგენლობაში. მოსამართლეთა შერჩევისას აქცენტი გაკეთდა იმ მოსამართლეებზე, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ და ან ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ უცხოეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტებში. გერმანიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში 10-10 მოსამართლე მიემგზავრება, ავსტრიაში კი, – 8.
1-6 დეკემბრის კვირაში ჯგუფები მიდიან ავსტრიასა და სლოვაკეთში, 7-13-ის კვირაში გერმანიასა და ლიტვაში. ასეთი შერჩევის წესით გვსურდა, ჩვენი კოლეგებისათვის გვეჩვენებინა საკითხისადმი ობიექტური მიდგომა. წარსულიდან გვახსოვს, რომ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უცხოეთში პრაქტიკულად ერთიდაიგივე ხალხი მიდიოდა და ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული ან მათთან დაახლოვებული მოსამართლეები იყვნენ. მოსამართლეები არც დარგობრივად დაგვიყვია. დამოუკიდებლობა ყველა მოსამართლისთვისაა აუცილებელი. მიემგზავრებიან როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტები, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში მოღვაწე მოსამართლეები.
_ ხშირად საუბრობდნენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის სისუსტეებზე. რამდენად შეუწყობს ხელს უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას?
_ საქართველოს არა აქვს მართლმსაჯულების ტრადიცია. შესაბამისად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და მისი შენარჩუნების გამოცდილებაც ნაკლებია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა. მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის ურთიერთობა. ერთი შეხედვით, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნებოდა, ამაში როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარეებს იყენებდნენ. ადმინისტრაციული ფუნქცია მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ სამოსამართლო საქმიანობისაგან. თავმჯდომარეობა რომელიმე მოსამართლის უფროსობას არ ნიშნავს. თავმჯდომარეობა მოსამართლის დამატებითი ტვირთია, რათა საქმის განმხილველ მოსამართლეს კომფორტული გარემო შეექმნას დავის სწორად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გადაწყვეტისათვის. მაგალითად, გერმანიაში პროფესიული სასამართლო არსებობს, რომელიც ჩვენს რეალობაში არ არის. ის განიხილავს მოსამართლესა და თავმჯდომარეს შორის ურთიერთობისას წარმოქმნილ კონფლიქტებს.
_ ხშირად არის ქართული სასამართლოს სისტემაში მსგავსი კონფლიქტები?
_ ხშირად აღარ არის, მაგრამ იყო თავის დროზე. თუმცა საფრთხე იმისა, რომ თავმჯდომარეები ვინმემ კვლავ გამოიყენოს მოსამართლეზე ზეწოლის ინსტრუმენტად, ადვილად აღმოსაფხვრელი არაა და ამისათვის აუცილებელია მოსამართლეთა ინდივიდუალური თვითშეგნების გაზრდა და ამგვარი მანკიერი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ასე ვთქვათ, იმუნიტეტის გამომუშავება.
_ ხომ არ იგეგმება პროფესიული სასამართლოს შექმნა, როგორც ეს გერმანიაშია?
_ ჯერჯერობით, სასამართლოს სისტემაში პროფესიული სასამართლოს შექმნის იდეა მომწიფებული არ არის, მაგრამ თუ ამ საკითხს კარგად შევისწავლით და გავათვითცნობიერებთ, შესაძლოა, ესეც დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, საფუძვლების გაგება გვინდა, ურთიერთობის რა სტანდარტებია სხვა ქვეყნებში. დამოუკიდებლობა მარტო სასამართლოს თავმჯდომარესთან ურთიერთობა არ არის, დამოუკიდებლობის სტანდარტები სამოსამართლო ეთიკიდან გამომდინარეობს, გვაქვს საერთაშორისო ნორმატიული აქტი მოსამართლეთა ქცევასთან მიმართებით – ბანგალორის პრინციპებს ვგულისხმობ, მაგრამ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობის მწირი პრაქტიკაა საქართველოში. სწორედ ახლა ვიწყებთ ამ ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაციას. სხვა ქვეყნების გამოცდილება კი მოგვცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული კანონებში ცვლილებებზეც ვიფიქროთ.
_რა არის ქართული მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკიდან?
_ მაგალითად, დისციპლინარულ სამართალწარმოებაში იმდენად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, რომ რომ შესაძლებელია, მათი პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენს კანონში შევიტანოთ ცვლილებები. მაგალითად, რა ითვლება, დისციპლინურ გადაცდომად? რა არის დისციპლინარული სამართალწარმოების მიზანი – მოსამართლის დასჯა თუ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა? ეს ყველაფერი ჩვენი მართლმსაჯულებისთვისაც მნიშვნელოვანია.
_ ამას ხომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც არეგულირებს?
_ ეს არის ჩვენს მიერ არჩეული ორგანო, რომლის უპირველესი მოვალეობაცაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზრუნვა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებმა არ უნდა ვიზრუნოთ სამოსამართლო საქმიანობის დახვეწა–გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ხედვები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც წარედგინება. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთანაც და შესაძლებელია ჩვენი წინადადებები პარლამენტსაც მივაწოდოთ. მოსამართლის აქტიურობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.