შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გიორგი კ-მ, თემურ კ-მ და ამირან კ-მ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ოლეგ რ-ს და მის მეზობელ ლაშა შ-ს, რომელიც იმ დროს მის სახლში იმყოფებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ გიორგი კ-მ სანადირო თოფიდან ოლეგ რ-ს სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოლეგ რ-ს მეუღლემ – ნანა შ-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა გიორგი კ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო თემური კ-მ და ამირან კ-მ მიმალვა მოახერხეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით).