ადამიანის უფლებები იმ საკითხთაგანია, რომელთან დაკავშირებულ სირთულეებზეც მსოფლიო ერთობლივი ძალებით ყველაზე მეტს მუშაობს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიულობაზე მცირედი პრეტენზია მაინც აქვს, საკუთარ კონსტიტუციაში ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს. ამ პოსტში ჩვენი მიზანი არაა რომელიმე უფლების განხილვა და მის ირგვლივ კამათი, უბრალოდ, ერთი საინტერესო იდეის შესახებ გვინდა გიამბოთ, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, დისნეის პერსონაჟებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს ერთდროულად უკავშირდება.
თანამედროვე იტალიელმა ხელოვანმა ალექსანდრო პალომბომ გადაწყვიტა დისნეის პერსონაჟები შეზღუდული შესაძლებლობებით დაეხატა. ერთი შეხედვით მხიარული განწყობა დაუყოვნებლივ იცვლება ჩაფიქრებით ამ ნამუშევრების თვალიერებისას. თუ რატომ, პასუხი მარტივია – ჩვენ ყველას განსხვავებულისდამი ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული შიში გვაქვს და ხშირად ვივიწყებთ იმას, რომ ის, რაც გვაქვს, შესაძლოა სხვას არ ჰქონდეს და რომ ეს სულაც არ არის პრობლემა. მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია, ხედვაც, მოსმენაც, წაკითხვაც და ა.შ. რთული წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები უამისოდ.
ასეთ დროს საზოგადოების პრობლემა შერჩევითი აღქმაა; ნანახისგან აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც თვალს თუ სმენას არ აწუხებს, არ აღიზიანებს ანუ იმას, რაც მათთვის ნაცნობი და ჩვეულია. ამის გამოა, რომ დღემდე თუნდაც ჩვენს ქვეყანაში პანდუსების პრობლემა მწვავედ უდგათ ეტლით მოსარგებლეებს, ან კიდევ პარკირებისას სპეციალური სადგომებია დაკავებული არა შშმ პირების მიერ, საზოგადოების მხრიდან მათი უარყოფის შემთხვევებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სწორედ უარყოფაა მთავარი პრობლემა, უარყოფა იმისა, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს არასრულფასოვნებას, რომ შესაძლოა სასტარტო პირობებით განვსხვავდებით, მაგრამ პიროვნული განვითარების თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს.
პალომბოს იდეა კიდევ უფრო დასაფასებელია იმის გამო, რომ მან ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟები აირჩია. ვინაა იდეალურობისა და სილამაზის სიმბოლო, თუ არა პრინცესა რომელიმე დისნეის მულტფილმიდან? თუ სწორედ იმ ასაკიდან დაიწყებენ ბავშვები განსხვავებულისადმი ტოლერანტული განწყობის შექმნას და მათ მიღებას, როგორც დადებით ჩვეულებრიობას, უკვე გაზრდილებს მით უფრო აღარ ექნებათ პრობლემა ასეთ ადამიანებთან ერთად ერთ სოციუმში ცხოვრებისა და მათი სათანადოდ დაფასების.
ალექსანდრო პალომბო, რომელიც თვითონაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, თავისი ნახატების სერიაზე ამბობს: "შშმ პირები რატომღაც არ შეესაბამებიან დისნეის სილამაზის სტანდარტებს, ჩემი მესიჯი კი მარტივია: მათაც აქვს უფლებები და ისინიც არიან მსოფლიოს ნაწილი".
მოკლე შესავლის შემდეგ კი გაეცანით შშმ პრინცესებს, რომლებიც გაგახსენებთ ბავშვობას და დაგაფიქრებთ იმაზე, გაქვთ თუ არა დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ, როცა ამ ნახატებში რაღაც არ მოგწონთ, რაღაც მიუღებელია…