ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
"გაცვლით კურსზე ბიუჯეტს ექნებოდა დაწოლის ეფექტი იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე იყო დაგეგმილი. დაგეგმილი გვქონდა 3,9%, დღეისათვის ბიუჯეტის დეფიციტი არის 3,5%-ზე ნაკლები. ექსპერტების მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები. მე შემიძლია, ამ ექსპერტებს, რომელთაც აქვთ შიშები ბიუჯეტთან დაკავშირებით, შევხვდე, მივაწოდო სტატისტიკური ინფორმაცია და დავარწმუნო ისინი, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მინიმუმ არ ემსახურება ლარის სიმყარეს. ისინი სამწუხაროდ, მოსახლეობაში, ნებით თუ უნებლიედ, თესავენ პანიკას, რაც ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას", _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, ლარის კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის საშინაო და საგარეო ფაქტორები.
"საშინაო ფაქტორებიც ძალიან ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც ხშირად ხდება აპელირება, არის ბიუჯეტიდან გაწეული დიდი რაოდენობით ხარჯები. ჩვენი ოპონენტები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რომ ერთი მხრივ თითქოს ბიუჯეტი არ სრულდება, მეორეს მხრივ ბიუჯეტი ბევრ ფულს ხარჯავს.
ჩვენ ვხარჯავთ მხოლოდ იმ თანხას, რომელსაც ეკონომიკიდან ვიღებთ გადასახადების სახით, ანუ ბიუჯეტის მხრიდან არ არსებობს არანაირი ზემოქმედება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის ზრდაზე", _ განაცხადა ხადურმა.