ტრადიციები დღესაც გრძელდება და სკოლა კვლავაც აღწევს წარმატებას. რამდენიმე დღის წინ, სუფსის სამუსიკო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა ფოთში გამართულ მეორე საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, სახელწოდებით _ "თეთრი თოლია", პირველი ადგილი და სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
სკოლის დირექტორის ნანი მარგალიტაძის თქმით, კონკურსი საერთაშორისო იყო, მასში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყვნენ იტალიიდან, რუმინეთიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, ჟიური ინტერნაციონალური იყო.
"ჩვენმა ანსამბლმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგ ჯამბულ ჯიბლაძეს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს და უდიდეს შრომას დებს ამ საქმეში. სწორედ ფოთში მიღწეულმა წარმატებამ განაპირობა, რომ ჩვენი ფოლკლორული ანსამბლი რუმინეთშია მიწვეული ფესტივალზე. თუმცა, დიდი ალბათობაა, ვერ წავიდეთ, რადგან ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და მარტო ჩვენი ძალებით ვერაფერს მოვახერხებთ. არადა, ბავშვები მთელი გულით მოელიან იქ წასვლას. მხოლოდ მგზავრობის თანხა გვესაჭიროება, დანარჩენი ყველაფერი ადგილზევე ფინანსდება ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ. რაც შეეხება მგზავრობის თანხას, თითო ადამიანი 90 ევრო ჯდება, სულ კი 15-კაციანი შემადგენლობა უნდა გაემგზავროს ფესტივალზე", _ დასძინა ქალბატონმა ნანიმ.