"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესული ცვლილების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობების აპარატებში შტატები გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად კი, ცვლილება გულისხმობს შემდეგს – იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 საშტატო ერთეულს დამატებული შესაბამის საკრებულოში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.
იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის 30 საშტატო ერთეულს, დამატებული შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლს და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთ საშტატო ერთეულს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, შტატების გაზრდის აუცილებლობა პრაქტიკამ აჩვენა და ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა რაიონების მუნიციპალიტეტებში.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში რაიონების გამგეობებს იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალიტეტები დაშორებულია სოფლებს, არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი, რათა კონკრეტული პრობლემა გადაწყვიტონ.
ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოში არსებული ყველა მუნიციპალიტეტი ამ ცვლილებას იწონებს.
"ამის ძირითადი ინიციატორები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იყვნენ. ისინი აყენებდნენ საკითხს იმის თაობაზე, რომ საშტატო განრიგით განსაზღვრული ერთეულები არ ყოფნით მოშორებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის საჭირო მომსახურების გაწევა უზრუნველყონ", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებით, ბიუჯეტის ხარჯები არ გაიზრდება.
"მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახელფასო ფონდი 25%-ით შეზღუდულია, ეს ისევ ძალაში რჩება".
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესულ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში.
როგორც "გურია ნიუსთან" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თევდორაძე ამბობს, ზოგადად ის ცვლილება, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობის კოდექსით განხორციელდა , მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია და ამით მოსახლეობამ ვერანაირი შედეგი, ეფექტური სერვისი ვერ მიიღო.
"ეს ცვლილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მმართველ გუნდს არანაირი წარმოდგენა თვითმმართველობაში განსახორციელებელ რეფორმებზე, არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ბანალური დასკვნის გაკეთება შეიძლება – "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა რაოდენობით მოახერხებს თავისი აქტივისტების, მეგობრების დასაქმებას. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკური გუნდისთვის, ნეპოტიზმი უცხო ხილი არაა. ეს ცვლილებები თვითმმართველობების ეფექტურ მუშაობას არ უკავშირდება.
ზოგადად, ის ცვლილება, რომელიც გასულ წელს თვითმმართველობის კოდექსით განხორციელდა, ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია. ვგულისხმობ თვითმმართველ ქალაქებად დაყოფას. ამით ვერანაირი შედეგი – ეფექტური სერვისი ჩვენმა მოსახლეობამ ვერ მიიღო.
მმართველი გუნდისთვის ეს უცხო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი შემთხვევა არაა, მათ ყველა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკური მიმართულებიდან გაგრძელებული კრიმინოგენულით და შემდეგ უკვე თვითმმართველობით, აბსოლუტური კრახი აქვთ. ასე რომ, ეს მათთვის დამახასიათებელია", _ უთხრა "გურია ნიუსს" თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულის გაზრდაზე საუბარი, ჯერ კიდევ გასულ წელს მიმდინარეობდა. როგორც მაშინ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობდა, ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები იზრდებოდა და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმება იგეგმებოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა იმდროინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ახლა უკვე თბილისის მერი, დავით ნარმანია.
მეტიც, მისივე თქმით, ცნობისთვის, 7 თვის განმავლობაში, საქართველოში, მხოლოდ თვითმმართველობებიდან 884 მოხელე გაათავისუფლეს.
კვლევას ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევა თვითმმართველ ორგანოებში, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო და 7 თვის მონაცემებს მოიცავს.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გათავისუფლებული 884 მოხელიდან 434-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის ასახული რწმუნებულები და ის მოხელეები, რომლებიც მოგვიანებით კვლავ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმდნენ.