რამდენიმე საათის წინ გერმანულმა გამოცემამ „Focus.de” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გამოცემის კორესპონდენტი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ ლეგენდას, ამჟამად მიუნჰენის „ბაიერნის“ 69 წლის საპატიო პრეზიდენტს, ბატონ ფრანც ბეკენბაუერს ესაუბრა.
ჰერ ფრანცმა თანამემამულე ჟურნალისტთან საუბრისას ერთი საინტერესო და ამავდროულად ნოვატორული მოსაზრება გამოთქვა.
„დარწმუნებული გახლავართ, რომ უახლოეს მომავალში საფეხბურთო შეხვედრის მსაჯის პროფესია წარსულს ჩაბარდება. თანამედროვე მსოფლიოში ტექნიკური პროგრესი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. მალე ეს ტენდენცია ფეხბურთსაც შეეხება და არბიტრების მომსახურება აღარ დაგვჭირდება.
მსაჯები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მწვანე მინდორზე მიმდინარე ბატალიების დროს არაერთ შეცდომას უშვებენ.
დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს რამდენიმე ათწლეულში „ცოცხალ“ მსაჯებს ელექტრონული არბიტრები შეცვლიან. სამწუხაროდ ამჟამად 69 წლის გახლავართ და ამ დროს ალბათ ვერ მოვესწრები.
დარწმუნებული ვარ რომ „ელექტრონული მსაჯები“ შეცდომებს თითქმის არ დაუშვებენ და სპორტის ჩვენი სახეობა არაერთი მანკიერებისგან საბოლოოდ გაიწმინდება.“ – განაცხადა ფრანც ბეკენბაუერმა.