რამდენიმე საათის წინ იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ „La Gazzetta dello Sport“ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ზემოთნახსენები გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით იტალიის „სერია – A”-ში მოასპარეზე კლუბი „პარმა“ გაიყიდა.
გუნდი რუსი ბიზნესმენების ერთმა ჯგუფმა შეიძინა. ამ ხალხს სათავეში ცნობილი დაღესტნელი მილიარდერი, მახაჩკალის „ანჟის“ ამჟამინდელი მფლობელი, ცნობილი „რუსი“ ტელესახის, წარმოშობით ქართველი თიკა კანდელაკის „ყოფილი მეგობარი“ (ქართული და რუსული „ყვითელი მასმედიის“ მტკიცებით) სულეიმან ქერიმოვი უდგას.
ცნობილი გახდა, რომ „პარმა“ 50 მილიონ ევროდ გაიყიდა. საინტერესოა რომ დღეისათვის ამ გუნდის ოფიციალური ვალები 43 მილიონ ევროს შეადგენს.
იტალიური საინფორმაციო საშუალებები კი ასაიდუმლოებენ, მაგრამ სინამდვილეს ვერსად გაექცევი. უკვე დღეს, იქაურ მას-მედიაში გაჟღერდა ცნობა, რომ ბატონი სულეიმანი კლუბი „პარმას“ ახალი ოფიციალური მფლობელია.
იტალიის მიმდინარე პირველობაზე „პარმა“ უიღბლოდ ასპარეზობს და ჩატარებული 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება.