"გურია ნიუსის" სტატიას "SOS! _ 3 წლის გოგონა გამოჯანმრთელების და კეთილი ადამიანების მოლოდინში" პირველი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ჯიბლაძეების ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარება.
გამგებლის, ირაკლი კუჭავას და საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის გადაწყვეტილებით, პატარა ელენიკოს მამა, რომან ჯიბლაძე მუშაობას დაიწყებს, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომელსაც პატარა გოგონას მკურნალობისთვის სოლიდური თანხა სჭირდება, დიდი შეღავათია.
_ თქვენი სტატია წავიკითხე. სამწუხაროდ, გამგეობას არა აქვს იმის საშუალება, რომ ელენიკოს ოპერაცია დააფინანსოს. მე და საკრებულოს თავმჯდომარემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელენიკოს მამა დავასაქმოთ. გარდა ამისა, ჩვენ ამ ოჯახს გარკვეულ თანხას გამოვუყოფთ ბიუჯეტიდან სახლის შესაკეთებლად. ხვალვე წავა შესაბამისი კომისია და ეს საკითხი აუცილებლად იქნება 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
სტატიას რიგითი მოქალაქეებიც გამოეხმაურნენ და ელენიკოს დახმარების სურვილი გამოთქვეს.
"გურია ნიუსი" იმედოვნებს, რომ კეთილი ადამიანები კიდევ გამოჩდებიან და ერთიანი ძალებით 3 წლის ულამაზესი გოგონას გადარჩენას აუცილებლად შევძლებთ.
იხილეთ სტატია SOS! _ 3 წლის გოგონა გამოჯანმრთელების და კეთილი ადამიანების მოლოდინში
შენიშვნა: (ფოტო ქვეყნდება მშობლების თხოვნით)