ქალაქ ოზურგეთში, ჭავაჭავაძის ქ. #4 მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი, მზია ჟორჟიკაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული, მან შეშით უზრუნველყოფის მოთხოვნით ქალაქ ოზურგეთის მერიას მიმართა. თუმცა, როგორც ის "გურია ნიუსთან" ამბობს, ქალაქის მერიამ დახმარებაზე უარი უთხრა.
ჭავჭავაძის # 4 მცხოვრები მარტოხელა პენსიონერი მზია ჟორჟიკაშვილი, "გურია ნიუსმა" იმ დროს დააფიქსირა, როცა უბანში გასათბობათ "პიწკებს" ეძებდა. მან დახმარების თხოვნით მოგვმართა.
"მე ვარ 64 წლის, არ ვიცი ამ ზამთარში რა მეშველება, არ მაქვს შეშა. ვიყავი შეხვედრაზე ქალაქის მერთან, შევეხვეწე, შევევედრე, დამეხმარე ზამთარში-მეთქი, არაო მითხრა, სოციალური დახმარება გაქვს შენ და მაშინ მაგას მოგიხსნი და წელიწადში ერთხელ ერთჯერადად დაგეხმარები 100 ლარითო. შევეხვეწე, 50 ლარი მაინც არ გაქვს, შეშა რომ ვიყიდო-მეთქი? არაო მითხრა.
მარტოხელა პენსიონერ ვარ, ხშირად ავად ვარ, შაქარი მაქვს, არითმია და წნევა მაწუხებს, პენსია წამლებში არ მყოფნის, ახალი ხელისუფლება სულ არ მეხმარება, ასე ვეძებ "პიწკებს" ქუჩა -ქუჩა, ხან მეზობლები მაძლევენ და ვარ ასე გაჭირვებით.
სოციალური დახმარება 60 ლარი მაქვს, ისიც წინასწარ მაქვს აღებული.
არჩევნებში ხომ მივეცი ხმა? მე ვუთხარი მერს პირში, რატომ მოგეცი ხმა შენ, თუ არ დამეხმარებით ამის მეტად-თქო, ამიტომ მივეცი ხმა?!
სოციალურ სამსახურში მაქვს განცხადება დაწერილი კიდევ. ასე ვწვალობ, ჩოხატაურში ნათესავთან ვიყავი 10 დღე, შეშა რომ არ მაქვს დავდივარ ნათესავთან, იქ ყველას დაურიგეს შეშა და ფულადი დახმარება, აქ რა ჭირთ არ ვიცი!"
"უფასო სასადილოში დავდივარ, გაჭირვებული რომ არ ვიყო იქ ვივლიდი, რომ პური და საჭმელი მქონდეს, ასე დადგა ჩემი ცხოვრება!" _ გვითხრა მზია ჟორჟიკაშვილმა.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000-მდეა ქალაქის მერია ეხმარება საშეშე მერქანით. ასევე, სოციალურად დაუცველ იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან ვერ იღებენ დახმარებას, მერია ერთჯერადი დახმარების სახით 100 ლარს ურიცხავს."