რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „USA Today” ცნობილ ამერიკელ მსახიობ ბრიუს უილისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჟურნალისტთან საუბრისას „კერკეტმა კაკალმა“ სენსაციური აღიარება გააკეთა.
აღმოჩნდა, რომ მსახიობი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირფარეშო ოთახით იშვიათად სარგებლობს. მას ეშინია, რომ შეიძლება შეცდომით კოკაინის მოყვარულად ჩათვალონ.
ბოლო პერიოდში მსახიობმა ალკოჰოლური სასმელების მიღება მკვეთრად შეამცირა, სამაგიეროდ სუფთა წყალს ეტანება. ამის გამო ტუალეტით სარგებლობა ხშირად უწევს.
რესტორნებსა და ბარებში ყოფნისას უილისმა შეამჩნია რომ პაპარაცები მუდმივად თვალს ადევნებენ. ჟურნალისტთა საძმოს ეს მამაცი წარმომადგენლები მას „საჭირო ოთახშიც“ უთვალთვალებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ რომელიმე ცნობილი პიროვნება ტუალეტში განმარტოვდება, ესე იგი კოკაინის მომხმარებელია, რადგან მხოლოდ იქ შეიძლება, ყველასგან მალულად, დოზის მიღება.
უილისის მტკიცებით, მან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარი განაცხადა და უსიამოვნო მდგომარეობას სახლში დაბრუნებამდე „გმირულად“ ითმენს.