ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ემზარ მაისურაძეს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით ქონდათ წარდგენილი.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი აქტიური წევრი სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია მიეცა პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ემზარ მაისურაძეს დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელსაც საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გელა ნაროუშვილს დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ოთარ მოვსესიანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საბოლოოდ კი, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ამჟამად გელა ნაროუშვილი და ოთარ მოვსესიანი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე გამოცხადებულია ძებნა.