საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს “ყაზტრანსგაზ თბილისი” სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.
სემეკის ინფორმაციით, “ყაზრტანსგაზ თბილისს” ასევე, მიეცა გაფრთხილება, რომ თუ კომპანია განმეორებით დაარღვევს კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს, 15 000 ლარით დაჯარიმდება.
დღეს კომისიამ იმჯელა მოქალაქე ზ. მაკარიძესა და შპს “ყაზტრანსგაზ თბილისს” შორის არსებულ დავაზე. მოქალაქემ კომისიას შესაბამისი განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთებას. საკითხის შესწავლისას, კომისიამ შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისგან”მოითხოვა განსაზღვრულ ვადაში დავასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა, კომპანიამ კომისიის მოთხოვნა არ შეასრულა.
მიმდინარე წლის 20 ნოემბერის საჯარო სხდომაზე შპს “ყაზტრანსგაზ თბილისს” მიეცა გაფრთხილება, რომ განსაზღვრულ ვადებში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომპანია დაჯარიმდებოდა.(მოქალაქე ზ. ქორიძესა და შპს “ყაზტრანსგაზ თბილისს” შორის არსებული დავა).