პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას ურჩევს, რომ მთავარი აქცენტი ხელისუფლების მოქმედებაზე გააკეთონ.
ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოს, სამწუხაროდ, არაეფექტური, არაკომპეტენტური და გაუბედავი ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც საკუთარი უუნარობითა და უმოქმედობით ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
"ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში ხელისუფლების გაძლიერებაზე, მისი გუნდის ეფექტურობაზე უნდა ზრუნავდეს და ამის შემდეგ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები უკვე საინტერესო იქნება“,_ განაცხადა ბურჯანაძემ.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმითვე, მთავრობა ქართველ ხალხს იმისათვის არ აურჩევია, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად ემოქმედა და მათი დაბრუნების შანსი გაეჩინა.
"რისთვის აირჩიეს ივანიშვილი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმეზე შეთანხმებულიყო?! ეს ბატონო ბიძინა, პირადად თქვენი და თქვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაულია. თქვენ ქართველ ხალხს იმისათვის არ აურჩევიხართ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად გემოქმედათ და მათი დაბრუნების შანსი გაგეჩინათ. თქვენ ქართველმა ხალხმა სხვა რამისთვის აგირჩიათ და კარგი იქნება თუ ამას თქვენ და თქვენი ხელისუფლება გაიხსენებთ“, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.