(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სულ რაღაც ორი კვირა და ლანჩხუთში “გურიის” ისტორიაში ყველაზე დიდი ტრიუმფიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. როგორც უკვე გაუწყეთ, 12 ნოემბერს, ლანჩხუთში, იმდროინდელი “გურიას” წევრებს, კლუბის ყველა თაობის წარმომადგენლებს, ცნობილ ქართველ ფეხბურთელებსა და ქართული ფეხბურთის მესვეურებს, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის თავკაც ზვიად სიჭინავას ელიან. ასევე დაპატიჟებულია “გურიის ” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფომენკო, რომელსაც მოწვევა პირადად ლანჩხუთის გამგებელმა გია გოგუაძემ გაუგზავნა. როგორც გავიგეთ, უკრაინელ სპეციალისტს თანხმობა განუცხადებია ლანჩხუთში ჩამოსვლაზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გია გოგუაძე მასთან აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებას “გურიაში” დაბრუნებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ფომენკო თანახმა იყო, მაგრამ “გურიასთვის” სპონსორის პოვნა ვერ მოხერხდა. კლუბის დღევანდელი თავკაცი გიგლა იმნაძე სწორედ მიხეილ ფომენკოს სამწვრთნელო სკოლის წარმომადგენლად ითვლება.