აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, მედიატურის მონაწილეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, უკვე მეორე წელია დიდი ყურადღება ექცევა შიდა ტურიზმის განვითარებას და აქედან გამომდინარე ახალი პროექტის "უპრეცედენტო ფასდაკლების სეზონი აჭარაში" იგეგმება, რომელიც კერძო სექტორის სტიმულირებისა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ 30%-დან 50-მდე ფასდაკლებით სარგებლობა რეგიონის ტურისტულ ობიექტებში.
"ჩვენ ამ პროექტებით ორი კურდღლის დაჭერას ვაპირებთ. ვიცით, რომ ეს კურდღელი ჯერ მსუქანი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ 2017 წელს აუცილებლად იქნება მსუქანი ანუ პროექტი აუცილებლად გაამართლებს" – თქვა მამუკა ბერძენიშვილმა.
ინფორმაციების ტექნოლოგიების და ონლაინ პროგრამების განყოფილების უფროსმა, ვაკო აფხაზავა მედიის წარმომადგენლებს ვებ-გვერდი batumievents.com გააცნო. სწორედ ამ ვებ-გვერდის საშუალებით ფასდაკლებების სეზონში მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ ყველა ინფორმაციის მიღება.
25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ასევე დაგეგმილია საახალწლო კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ახალი წლის ღამეს ცნობილი ქართველი მომღერალის ნინო ქათამიძის კონცერტი იგეგმება, 30 დეკემბერს ნიაზ დიასამაძის კონცერტი ჩატარდება, 7 იანვარს კი სოფო ხალვაში და ბენდი.