ქიმიის კონკურსში გამარჯვებული ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლონეთში გაემგზავრებიან. ეს ინფორმაცია გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და სკოლამ მინისტრის მოადგილისაგან, ლია გიგაურისგან დღეს შეიტყვეს.
„ამ სკოლის ერთი კლასის ორი გუნდი გახდა გამარჯვებული სამინისტროს მიერ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კერძოდ, ქიმიაში გამოცხადებულ კონკურსში. გამარჯვებული მეცხრეკლასელები 2015 წელს პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაემგზავრებიან“, _აღნიშნა გიგაურმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზუგდიდში პედაგოგებს, ზუგდიდის საჯარო სკოლების დირექტორებსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ლია გიგაურმა შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილა განვლილი პერიოდი და ზოგადი განათლების იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას და მათ წახალისებას უწყობს ხელს. მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.