ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თებერვლამდე საზოგადოებას წარუდგენენ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება:
_ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. თქვენ იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იყო ის, რომ სამართლიანობის დამკვიდრებას და აღდგენას დავიწყებდით და ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი ორი წლის წინ. ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ შევისწავლეთ ყველა განაცხადი, რომელიც ოფიციალურად შევიდა პროკურატურაში. მინდა ახლა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დაასრულდა შესწავლა ყველა იმ განაცხადების, რაც დარეგისტრირდა ორი წლის მანძილზე პროკურატურაში.
საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას, ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით რეპრესირებულ ადამიანებს,რომლებიც უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში. ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მსხვერპლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების.
მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება _ დაწყებაც და დასრულებაც. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. შეიქმნება პროკურატურაში დეპარტამენტი, სამმართველო, ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოხდება ამის კომპენსირება, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.