კვლავ მძიმე რჩება საქართველოს 26 წლის მოქალაქე გიორგი გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 24 დეკემბერს იტალიის ქალაქ ნეაპოლში, ბინაში, დივანზე მჯდომს თავში ტყვია მოხვდა და მძიმედ დაიჭრა.
იტალიური მედია ექიმებზე დაყრდნობით დღეს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და გადარჩენის მცირე შანსი არსებობს.
შემთხვევის დროს გორგაძის ერთად იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე გოგონა, რომლის ვინაობას იტალიური მედია არ ასახელებს. მისი მონათხრობით, საღამოს საათებში მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში დაზარალებული დივანზე იჯდა და ფანჯრიდან შემოსული ტყვია თავში მოხვდა.
ინტერნეტგამოცემა www.adnkronos.com-ის ცნობით, შემთხვევის სიახლოვეს პოლიციელებმა 12 ჰილზა იპოვეს და ამ დროისათვის გამოძიებას აგრძელებს.