ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ნათია შარაშენიძემ მერიაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა.
“ ქალბატონი ნათია აპლიკანტებს, ტესტირება და გასაუბრება გავლილი კონკურსანტების ნაწილს “წერა-კითხვის უცოდინარს“ უწოდებს. მისივე განცხადებით ვიგებთ, რომ ზოგიერთი კონკურსანტისთვის წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ტესტები!
ქალბატონ ნათიას ვთხოვთ, დაასახელოს, მისი თქმით, “წერა-კითხვის უცოდინარი“ ის ადამიანები, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე, ტესტირებისას მინიმალური ზღვარის გადალახვის გარეშე მოხვდნენ.
ქალბატონი შარაშენიძის მიერ კონკურსანტების მისამართით გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პატივს და ღირსებას, პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, რომლის ზედამხედველობითაც ეს კონკურსი ჩატარდა. შესაბამისად, თუ იგი არ დაასახელებს კონკრეტულ აპლიკანტებს, რომლებმაც, თითქოსდა, წინასწარ იცოდნენ ტესტების პასუხები ან მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს და კონკურსის მეორე ეტაპზე მაინც მოხვდნენ, ფაქტებით დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული კონკრეტული ბრალდებები ან საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ამ განცხადების ხელმომწერებს.“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.