კურორტ ბახმაროდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
_ დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, როგორც ახალგაზრდებმა შეგვატყობინეს მათი თანმხლები ერთი პირი ზვავში მოყვა და გარდაიცვალა. რაც შეეხება გადარჩენილებს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ე.წ. ბეღელს აფარებენ თავს, სადაც ღუმელი და შეშაა, _ გვითხრა აიპ-ი ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ.
მისივე ინფორმაციით გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ბახმაროში გამთენიისას გაემგზავრნენ:
_ საკმაოდ დიდი მანძილია. როგორც ვიცი, სოფელ ზოტიდან ცდილობენ ბახმაროში გადასვლას, სადაც საკმაოდ დიდი თოვლია, _ დასძინა საჯაიამ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო საძიებო პროცესში ვერ ხერხდება ვერტმფრენის ჩართვა.