შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ახალგაზრდების გადასარჩენად ფართომაშტაბიანი სამაშველო ღონისძიებაა დაწყებული.
ბახმაროში 4 ახალგაზრდა გუშინ დილით დაიკარგა. როგორც გვითხრეს, ახალგაზრდები ბახმაროს მთების დასალაშქრად ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოვიდნენ. წუხელ, სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაცვლილია.
_ დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, როგორც ახალგაზრდებმა შეგვატყობინეს მათი თანმხლები ერთი პირი ზვავში მოყვა და გარდაიცვალა. რაც შეეხება გადარჩენილებს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ე.წ. ბეღელს აფარებენ თავს, სადაც ღუმელი და შეშაა, _ გვითხრა აიპ-ი ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ.
სამაშველო სამსახურის ბრიგადებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ძლიერი თოვის და ცუდი ხილვადობის გამო, საძიებო პროცესში ვერ ხერხდება ვეტრმფრენის ჩართვა და მაშველები ახალგაზარდების ადგილსამყოფელთან მისვლას ფეხით ცდილობენ.
როგორც გვითხრეს, კურორტზე თოვლის საფარი 5 მეტრს აღწევს.