(გურია ნიუსი) _ ჩვენ უკვე ვწერდით იმ სკანდალის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მთავარი ფავორიტი საჩხერის “ჩიხურა” შეიწიროს. შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუნდს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივანიშვილის დაფინანსების მიღება აუკრძალეს _ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეკრიბა კლუბის ხელმძღვანელები და მოთხოვა, უარი ეთქვათ ფინანსურ დახმარებაზე. ფეხბურთელებს შეუთვალეს _ მორჩა, დღეიდან ივანიშვილის ფულს ხელი არ მოკიდოთ და მაგ თანხას ჩვენ გადაგიხდითო…” _ უთქვამთ მობურთალებისთვის. ეგ კი არა, მალე ასე მოექცევიან ექიმებს და ყველა იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდები აფინანსებენ. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში “ჩიხურას” თავკაცმა, სოსო ფრუიძემ არ დაადასტურა, თუმცა, მისი კომენტარიც დამაინტრიგებელი გახლდათ; “ჯერჯერობით(!!!), ასეთი არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ვარჯიშს”. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა უარი თქვა შეთავაზებაზე და აპირებენ ისევ მიიღონ პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის დაფინანსება.
ამასობაში, ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც სპორტული მედიითაც არ გახმაურებულა _ იმერეთის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას სასწრაფო რეჟიმში შეუცვალეს პრეზიდენტი. ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა “ჩიხურას” გახმაურებულ სკანდალს. ყოველივეს ინტრიგას ის ფაქტიც მატებს, რომ ფედერაციის ახალი თავკაცი რეგიონის ვიცე-გუბერნატორია. საფეხბურთო კულუარებში არ ეეჭვებათ, რომ ვალერი მანაგაძის ადგილი, რომელიც წლების მანძილზე სათავეში უდგას იმერეთის ფეხბურთს და არა ერთი ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ, ამ სფეროში გამოუცდელმა კადრმა _ არც მეტი, არც ნაკლები იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, გიორგი აბესალაშვილმა “პოლიტიკური ნიშნებით” დაიკავა. “რადგან ბიძინა ივანიშვილის სახელი ხსენდა და ეს თქვენც გაახმაურეთ, მოხსნეს კაცი, რომელიც საქმეს აკეთებდა და მის ადგილზე ვიცე-გუბერნატორი დანიშნეს. აქ რომ პოლიტიკაა, აშკარაა. ეტყობა, ფიქრობენ, მანაგაძეს რაიმე კავშირი აქვს “ჩიხურასთან”, ან ამ კლუბის დამფინანსებლებთან. ახლა ისეთი დროა, ყველასა და ყველაფერზე ეჭვობენ. სხვა შემთხვევაში, ასე საჩქაროდ კაცს არ მოხსნიდნენ, თან საფეხბურთო სამყაროში ვერავის ენდნენ და პირდაპირ ვიცე-გუბერნატორი დანიშნეს. ეს ვადამდელი არჩევნები იყო, როცა რამდენიმე თვეში ჩვეულებრივი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო,” _ ამბობს ჩვენი წყარო.
მართლაც საეჭვოა სიტუაციაა, როცა ვიცე-გუბერნატორი ფედერაციის პრეზიდენტობას ითავსებს. თუ არ ვცდებით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეგიონულ ფედერაციას ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა მოსვლის დღიდანვე აცხადებდა, რომ “გუბერნატორების ჩემპიონატის” წინააღმდეგია, თუმცა, ქართულ პოლიტიკასა და ნაცმთავრობასთან ისიც უძლურია. ბოლოს და ბოლოს, თავადაც “ნაციონალებმა” დასვეს სკამზე და ერთადერთი კანდიდატი “ერთხმად” “აირჩიეს”.
ჩვენ კომენტარისთვის იმერეთის რეგიონული ფედერაციის ექს-თავკაცს ვალერი მანაგაძეს დავუკავშირდით. მოლოდინისამებრ, ის “მომზადებული” აღმოჩნდა:
_ ბატონო ვალერი, გავიგეთ, რომ თქვენს ფედერაციაში ცვლილებებია…
_ დიახ, გვქონდა არჩევნები და პრეზიდენტი გახდა გიორგი აბესალაშვილი.
_ რატომ დატოვეთ თანამდებობა და ეს რა არჩევნები იყო _ ვადამდელი თუ ჩვეულებრივი?
_ დიახ, ვადამდელი გახლდათ. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, ცოტა ხანს დავრჩები თანამშრომლად და მერე ვნახოთ… ალბათ, მკურნალობის კურსი მექნება გასავლელი.
_ ბატონო ვალერი, ამბობენ, რომ თქვენი წასვლა “ჩიხურასთან” დაკავშირებულ ამბებს უკავშირდება…
_ არა, არა… მაგი არაფერ შუაშია, დამერწმუნეთ. მაგი შეხებაში არაა ჩემს წასვლასთან…
_ ზოგადად, რა ინფორმაცია გაქვთ? მართლაც თხოვეს “ჩიხურას”, რომ ივანიშვილის დაფინანსება არ მიიღოს?
_ არა, ტყუილია ეს.
სულ მალე გამოჩნდება, რა არის ტყუილი და რა _ მართალი. რა თქმა უნდა, ნაკლებ დამაჯერებელია ფედერაციის თავკაცი “ჯანმრთელობის გამო” გადამდგარიყო, რათა შემდგომში, “შესაძლოა”, მკურნალობა დასჭირდეს. ასეთი “მიზეზები” “ვარდების საქართველოში” მრავლადაა _ თუნდაც გურიაში, ლადო ქვილორიამ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შესრულებიდან ერთ კვირაში თქვა პოსტზე უარი, რადგან “წლის ბოლოს სამკურნალოდ უნდა წასულიყო”. წლის ბოლომდე ბევრი დროც იყო და ამასთან, ერთი კვირის წინათაც, როცა ინიშნებოდა, კარგად იცოდა, შარშანდელი ავარიის გამო სარეაბილიტაციო კურსი სჭირდებოდა თუ არა. ასე რომ, მკურნალობის საჭიროება თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მოტივია _ ბატონმა ვალერი მანაგაძემ ის ვეღარ იკადრა, “ნაციონალური მიზეზი” ეთქვა ჩვენთვის _ სასწავლებლად მივდივარო ეს ასაკოვანი კაციო!