ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ა (ა)ი პ "უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის" ხელმძღვანელი ლოლიტა ურუშაძეს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის თანამდებობა დაატოვებინეს. ცნობისთვის, ქალბატონი ლოლიტა "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ორგანიზაციის აქტიური წევრი გახლდათ, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, ასევე 2014 წელს გამართულ თვითმმართველობის არჩევნების დროსაც.
გასული წლის ოქტომბერში მან ზემოხსენებულ თანამდებობზე "ნაციონალად" მონათლული გელა რიონიძე ჩაანაცვლა. მაშინ რიონიძემ, მიუხედავად თხოვნა-მოთხოვნისა საკუთარი ნებით არ დატოვა თანამდებობა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რიონიძის გათავისუფლება მაინც შესძლო და საფუძვლად წინა წლის აუდიტის დასკვნა გამოიყენა, სადაც გარკვეულ დარღვევებზეა საუბარი.
მიმდინარე წლის რვა იანვარს არასწორად ჩატარებული ტენდერის გამო ქალბატონ ლოლიტასთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს სასადილოს ბუღალტერი და შესყიდვების სპეციალისტი. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ა(ა)ი პ "უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის" დირექტორად ამ ეტაპზე შოთა ფირცხალაიშვილია დანიშნული, რომელიც მანამდე გამგეობის ვეტერანთა საქმეების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.