ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა, ყოფილი კონკურსანტების საჩივრები განიხილეს.
სხდომას კომისიის ყველა წევრი და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც გასაუბრების პროცესს აკვირდებოდნენ. საპრეტენზიო კომისიაში ორი განაცხადი იყო შესული _ ლია ჩიგოგიძე და თემურ ბენდელიანი საკონკურსო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გაფართოებულ სხდომაზე ბენდელიანი არ მივიდა. რაც შეეხება ჩიგოგიძეს, მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს:
_ თქვენი 2014 წლის 28 დეკემბრის N2 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე (06.01.2015წ) განცხადების განხილვის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება: ძალაში იქნას დატოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობაზე ლია ჩიგოგიძის კანდიდატურის შერჩევაზე უარის თქმის შესახებ, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ჩიგოგიძეს საპრეტენზიო კომისიამ გაუგზავნა.